კეტოგენური დიეტა

რა არის კეტოგენური დიეტა
კეტოგენური დიეტა ეს არის დიეტის სახე, რომელიც კვების რაციონში გულისხმობს დიდი რაოდენობით ცხიმების და მცირე რაოდენობით ნახშირწყლების არსებობას (ცილები რაციონში ასაკისა და წონის გათვალისწინებით საჭირო რაოდენობითაა). კეტოგენური დიეტის დროს ორგანიზმი ენერგიის მთავარ წყაროდ იყენებს ცხიმებს და არა ნახშირწყლებს, როგორც ჩვეულებრივ მდგომარეობაში.
კეტოგენური დიეტა თავისი შინაარსით ემსგავსება შიმშილს. ხანგრძლივი შიმშილის დროს, როდესაც ორგანიზმი ვერ იღებს ენერგიით მთავარ და ადვილად ასათვისებელ წყაროს – გლუკოზას, ენერგიის წყაროდ იყენებს კეტონურ სხეულებს, რომლებიც ცხიმების მეტაბოლიზმის შედეგად წარმოიქმნება. კეტოგენური დიეტის დროს რაციონში ცხიმების სიჭარბე (და ნახშირწყლების სიმცირე) განაპირობებს ორგანიზმში ცხიმების მოხმარების გააქტიურებას, კეტონური სხეულების წარმოქმნას და ორგანიზმის გადაწყობას „შიმშილის მსგავს“ მეტაბოლიზმზე. კეტოგენური დიეტის დროს კეტონური სხეულების კონცეტრაცია მაღალია სისხლსა და შარდში.
კეტოგენური დიეტის სახეები
კეტოგენური დიეტის სხვადასხვა სახე არსებობს:
- კლასიკური კეტოგენური დიეტა
- მოდიფიცირებული კეტოგენური დიეტა
- MCT (საშუალო ჯაჭვიანი ტრიგლიცერიდები) ზეთის დიეტა
- მოდიფიცირებული ატკინსის დიეტა
- დაბალი გლიკემიური ინდექსის დიეტა.
კეტოგენური დიეტა – მკურნალობის ეფექტური მეთოდი
ბოლო წლებში ბევრი პუბლიკაცია დაგროვდა კეტოგენური დიეტის შესახებ. კეტოგენური დიეტა გამოყენება, როგორც მკუნალობის ეფექტური მეთოდი სხვადასხვა ნევროლოგიური და მეტაბოლურ-გენეტიკური დაავადების დროს:
- მიტოქონდრიული დაავადებები
- გლუკოზის ტრანსპორტერის დეფიციტი (GLUT1 deficiency)
- პირუვატდეჰიდროგენაზას კომპლექსის დეფიციტი
- ფოსფოფრუქტოკინაზას დეფიციტი
- ანგელმანის სინდრომი
- დრავეს სინდრომი
- ტუბეროზული სკლეროზი
- კორტიკალური მალფორმაციები
- მიოკლონურ-ატონიური გულყრები
- მიოკლონურ-ასტატიური ეპილეპსია (დუზის სინდრომი)
- ფებრილურ ავადმყოფობასთან ასოცირებული ეპილეპსიური სინდრომი (FIRES)
- ვესტის სინდრომი (ინფანტილური სპაზმი)
- ოტაჰარას სინდრომი
- ბავშვობის აბსანს ეპილეპსია
- იუვენილური მიოკლონური ეპილეპსია
- ლაფორას დაავადება
- ლანდაუ-კლეფნერის სინდრომი
- ლენოქს-გასტოს სინდრომი
- გლიკოგენოზები და გლიკოგენის დაგროვების დაავადებები
- რეტის სინდრომი
- CDKL5 ენცეფალოპათია
- სიმსუქნე
- დიაბეტი ტიპი II
- აუტიზმი
- პარკინსონის დაავადება
- პრადერ ვილის სინდრომი
- ქვემწვავე მასკლეროზებელი პანენცეფალიტი.
კეტოგენური დიეტა – ეპილეფსიის მეტაბოლური თერაპია
კეტოგენური დიეტა ეპილეფიის მკურნალობისთვის აქტუალური გახდა მე-20 საუკუნის დასაწყისში. მას შემდეგ კეტოგენური დიეტა აქტიურად გამოიყენება მსოფლიოს ბევრ ეპილეფსიის ცენტრში ეპილეფსიის სხვადასხვა ფორმების, განსაკუთრებით ანტიეპილეპსიური მედიკამენტების მიმართ რეზისტენტული ეპილეფსიების სამკურნალოდ. ბოლო წლებში ბევრი კვლევა გამოქვეყნდა დიეტის ეფექტურობის შესახებ რეფრაქტერული ეპილეფსიის მქონე ბავშვების 50-75% -ში. ზოგჯერ დიეტა დაწყებიდან მალევე, რამდენიმე დღეშია ეფექტური, ზოგ შემთხვევაში კი ეფექტი რამდენიმე თვეში დგება.
დიეტის მოქმედების მექანიზმთან დაკავშირებით ეპილეფსიურ გულყრებთან მიმართებაში ბევრი ჰიპოთეზა არსებობს. ჯერ კიდევ გრძელდება სამეცნიერო მუშაობა იმ მეტაბოლური ცვლილებების შესასწავლად, რომლებიც კეტოგენური დიეტის დროს გავლენას ახდენს თავის ტვინის აქტივობაზე.
კეტოგენური დიეტის ისტორია საქართველოში
კეტოგენური დიეტის პოპულარიზაციისა და იმპლემენტაციის სფეროში აქტიურად მოღვაწეობს ნუტრიციოლოგი ბეთ ზუბეკ-კანია, რომელიც არის კეტოგენური დიეტის საერთაშორისო ექსპერტი, ჩარლის ფონდის (https://charliefoundation.org) მთავარი კონსულტანტი და კეტოგენური დიეტის გაიდლაინის – ,,კეტოგენური დიეტით თერაპია ნევროლოგირი დაავადებების დროს“ ავტორი.
კეტოგენური დიეტის გამოყენება საქართველოში 2006 წელს დაიწყო, როდესაც ბეთ ზუბეკ-კანია ჩამოვიდა თბილისში და ჩაატარა კეტოგენური დიეტის სასწავლო კურსი, რომელსაც ბავშვთა ნევროლოგი გია მელიქიშვილი მასპინძლობდა. ზუბეკ-კანიას სამუშაო ვიზიტს საქართველოში ერთი თავი მიეძღვნა 2013 წლის ბესტსელერ წიგნში Adenosine. Key Link Between Metabolism and Brain Activity.
ბეთის მეთვალყურეობით მისი საქართველოში ყოფნის პერიოდშივე ეპილეფსიის მქონე რამდენიმე პაციენტმა დაიწყო კეტოგენური დიეტა. მკურნალობის აღნიშნული მეთოდი დღემდე აქტიურად გამოიყენება. კეტოგენური დიეტის საქართველოს ცენტრი ეპილეფსიასთან ბრძოლის საერთაშორისო ლიგის (ILAE) ვებ გვერდზე კეტოგენური დიეტის საერთაშორისო ცენტრების ჩამონათვალშია შესული https://www.ilae.org/patient-care/ketogenic-diets/international-centers.
კეტოგენური დიეტის ცენტრში (მედიქლაბჯორჯია, თბილისი, ტაშკენტის ქ. 22ა) დღემდე 70-მდე როგორც ქართველი, ისე უცხოელი პაციენტია აღრიცხული. დიაგნოზების ჩამონათვალი, რომელთა დროსაც კეტოგენური დიეტა ეფექტური იყო ჩვენი ცენტრის პაციენტებისთვის, რეზისტენტული ეპილეფსიების გარდა მოიცავს ისეთ დააადებებს, როგორიცაა გლუკოზის ტრანსპორტერი 1-ის დეფიციტი, ანგელმანის სინდრომი, რეტის სინდრომი, დრავეს სინდრომი.
კეტოგენური დიეტის ინიცირება
დიეტა იწყება კლინიკის პირობებში ექიმისა და ნუტრიციოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. კლინიკაში ყოფნა რეკომენდირებულია საჭირო ლაბორატორიული გამოკვლევების, დიეტის შესაძლო გართულებების (ჰიპოგლიკემია, კეტოაციდოზი) მონიტორინგისა და პაციენტის ოჯახის განათლების მიზნით.
მშობლების საკვების მომზადებას კლინიკაშივე სწავლობენ, თვითონვე მონაწილეობენ სასურველი რეცეპტების შედგენაში. შემდეგ უკვე სახლში აგრძელებენ დიეტას წინასწარ გაწერილი და დაგეგმილი მონიტორინგის პირობებში.
პაციენტის მშობლებს საშუალება ეძლევათ, გაიცნონ და გაიზიარონ იმ მშობლების გამოცდილებები, რომელთა შვილები იმყოფებოდნენ ან ახლაც არიან კეტოგენურ დიეტაზე.
კეტოგენური საკვები
კეტოგენური დიეტისთვის სპეციალურად შექმნილია ხელოვნური ნარევები (კეტო ფორმულა), რაც შესაძლებელს ხდის კეტოგენური დიეტის დაწყებას ჩვილობის ასაკიდან. ასევე არსებობს სხვადასხვა მწარმოებელი ფირმის მიერ შექმნილი უამრავი კეტო-პროდუქტი, თუმცა კეტოგენური საკვების მომზადება სახლის პირობებშიც ადვილად არის შესაძლებელი. საკვების მომზადებისას უნდა მოხდეს ყველა ინგრედიენტის აწონვა.
დიეტის დროს დღის განმავლობაში საჭირო კალორიების რაოდენობა ითვლება პაციენტის ასაკის, წონის, ფიზიკური აქტივობისა და დიეტის თანაფარდობის გათვალისწინებით. მაგალითად, კლასიკური კეტოგენური დიეტა თანაფარდობით 4:1 გულისხმობს, რომ რაციონში 4 წილი მოდის ცხიმზე და 1 წილი ცილასა და ნახშირწყლებზე ერთად. ცხიმების წყარო უმეტესად არის ნაღები, კარაქი, მცენარეული ზეთი. დღის რაციონის შედგენა ხდება დღის განმავლობაში კვების ჯერადობის გათვალისწინებით. მენიუს შედგენისას შესაძლებელია გამოვიყენოთ ძალიან ბევრი ტიპის ინგრედიენტი და პაციენტის გემოვნების გათვალისწინებით მოვამზადოთ მრავალფეროვანი რეცეპტები. ბეთ ზუბეკ-კანიამ კეტოგენური საკვების ჩამონათვალში რამდენიმე ქართული პროდუქტიც შეიტანა: მაწონი, მჭადი.