ეპილეფსიური ენცეფალოპათიის მეტაბოლური მიზეზები (ნაწილი 2)
Joe Yuezhou Yu and Phillip L. Pearl
Department of Neurology, Children’s National Medical Center, 111 Michigan Avnue, Washington, DC 20010, USA Correspondence should be addressed to Phillip L. Pearl; ppearl@childrensnational.org
Received 22 February 2013; Accepted 16 April 2013
Academic Editor: Giangennaro Coppola
Copyright © 2013 J. Y. Yu and P. L. Pearl.
This is an open access article distributed under the Creative Commons Attribution License, which permits unrestricted use, distribution, and reproduction in any medium, provided the original work is properly cited.
ეპილეფსია შეიძლება გამოწვეული იყოს თანდაყოლილი მეტაბოლური დაავადებებით. მეტაბოლური ეპილეფია შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა ფენოტიპით: ახალშობილთა რეფრაქტორული გულყრები, ადრეული მიოკლონური ენცეფალოპათია, ადრეული ინფანტილური ეპილეფსიური ენცეფალოპათია, ეპილეფსიური სპაზმი, გენერალიზებული ეპილეფსიები.
გამაამინოერბომჟავას (გაბა, GABA) მეტაბოლიზმის დარღვევები
თავის ტვინის დამთრგუნველი ნეიროტრანსმიტერის – გამაამინოერბომჟავას სინთეზის ან დეგრადაციის დარღვევის დროს გულყრები მნიშვნელოვანი გამოვლინებაა.
ყველაზე გავრცელებული ფორმა სუქცინილ-სემიალდეჰიდ დეჰიდროგენაზას დეფიციტია, იშვიათია გაბა-ტრანსამინაზას დეფიციტი, რომელსაც ახასიათებს უფრო მძიმე ეპილეფსიური ენცეფალოპათია. ორივე დაავადება გაბას დეგრაგაციის დარღვევით განპირობებული მემკვიდრული მეტაბოლური დარღვევაა.
სუქცინილ-სემიალდეჰიდ დეჰიდროგენაზას დეფიციტი (SSADH)
ფერმენტ სუქცინილ სემიალდეჰიდ დეჰიდროგენაზას დეფიციტი გამოიხატება GABA-ს და მისი კატაბოლიტის- 4-ჰიდროქსიერბომჟავას დონის მომატებით.
პაციენტებს აღენიშნებათ ნეიროგანვითარების შეფერხება, ექსპრესიული მეტყველების დარღვევა, ჰიპოტონია, ჰიპორეფლექსია, ატაქსია და ქცევითი დარღვევები, როგორიცაა ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიულობის სინდრომი. SSADH დეფიციტის მქონე პაციენტების 50%-ზე მეტს უვითარდებათ გულყრები, უხშირესად ტონურ-კლონური ან ატიპიური აბსანს გულყრების სახით. აღწერილია განმეორებითი ეპილეფსიური სტატუსი და აგრეთვე უეცარი სიკვდილის შემთხვევები.
მაგნიტურ-რეზონანსული კვლევით ვლინდება T2 რეჟიმში მკრთალი ბირთვის, დაკბილული და სუბთალამური ბირთვების სიგნალების გაძლიერება, ასევე ცერებრალური და ცერებელარული ატროფია.
ელექტროენცეფალოგრამაზე ძირითადად გვხვდება გენერალიზებულ პიკი-ნელი ტალღები, თუმცა შეიძლება იყოს ფოკალური ცვლილებები და ჰემისფერული ლატერალიზაცია.
დღეისათვის მკურნალობა მოიცავს ანტიეპილეფსიურ საშუალებებს და ქცევის მოწესრიგებას. ზოგიერთ პაციენტში ეფექტურია ვალპროის მჟავა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ვალპროის მჟავას გამოყენება არ არის რეკომენდებული მისი ფერმენტების რეზიდუალური აქტივობის დათრგუნვის ეფექტის გამო.
ცხიმოვანი მჟავების ოქსიდაციის დარღვევები
ეპილეფსიური გულყრები შესაძლოა იყოს ცხიმოვანი მჟავების ბეტა-ოქსიდაციის დარღვევის გამოვლინება.
ცხიმოვანი მჟავების ბეტა-ოქსიდაცია წარმოადგენს ბიოქიმიურ პროცესს, რომლის დროსაც წარმოიქმნება აცეტილ-CoA და კეტონური სხეულები, ენერგიის ალტერნატიული წყარო. ამ პროცესის დარღვევით ზარალდება ცენტრალური ნერვული სისტემა და სხვა ორგანოები, რომლებსაც მაღალი ენეგეტიკული მოთხოვნილება აქვთ. სიმპტომები ვლინდება ნებისმიერ ასაკში.
მეტაბოლური დეკომპენსაცია შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა სტრესულმა ფაქტორმა: ცხელება, შიმშილი, ფიზიკური დატვირთვა. მწვავე კრიზები ვლინდება რეიეს სინდრომით, კარდიომიოპათიითა და არითმიით, რაბდომიოლიზით და ჰიპოკეტონური ჰიპოგლიკემიით.
სისხლისა და შარდის ლაბორატორიული ანალიზები ინფორმატიულია განსაკუთრებით სიმპტომურ პაციენტებში. მკურნალობა დამოკიდებულია კლინიკურ გამოვლინებაზე და მოიცავს შიმშილის არიდებას, ხშირ კვებას, ცხიმის დაბალი შემცველობის და ნახშირწყლებით მდიდარი საკვების მიღებას, საშუალოჯაჭვიანი ტრიგლიცერიდების (MCT) დამატებას მიოპათიის სიმპტომების არსებობისას.
მეტაბოლური კრიზის მქონე პაციენტები საჭიროებენ სტაციონარში მკურნალობას.
მიტოქონდიული დაავადებები
ეპილეფსია და ეპილეფსიური ენცეფალოპათია მიტოქონდრიული დაავადების ერთერთი მნიშვნელოვანი გამოვლინებაა. გულყრა შესაძლოა განვიხილოთ როგორც მიტოქონდრიული დისფუნქციის შედეგი: ენერგიის უკმარისობა არღვევს ნეირონული მემბრანის მოქმედების პოტენციალს და იწვევს გულყრა-ინდუცირებულ უჯრედულ ჰიპერაქტიურობას, რაც განაპირობებს ოქსიდაციური სტრესის მომატებას ისედაც დეფიციტური ატფ-ის პირობებში.
მიტოქონდრიული დაავადებების მქონე პაციენტებში გულყრები უმეტესად არ ექვემდებარება მკურნალობას. გულყრის უხშირესი ტიპი მიოკლონური გულყრებია, თუმცა ყველა ტიპის გულყრა შეიძლება შეგვხვდეს. ერთეულ შემთხვევებში ერთ პაციენტს შესაძლოა ჰქონდეს სხვადასხვა ტიპის გულყრა.
1. POLG1 დაავადება
POLG1 გენში მუტაციებს, რომელიც დაკავშირებულია მიტოქონდრიული დნმ-ის რეპლიკაციასთან, გააჩნიათ ბევრი ფენოტიპი, მათგან ყველაზე გამორჩეულია – ალპერის დაავადება.
ალპერს-ჰუტენლოჰერის დაავადება არის სწრაფად პროგრესირებადი ენცეფალოპათია, რაც იწვევს რეზისტენტულ ეპილეფსიასა და დიფუზურ ნეირონულ გადაგვარებას. ფოკალური კომპლექსური და მიოკლონური გულყრები ყველაზე ხშირია, თუმცა შეიძლება სხვა ტიპის გულყრებით გამოვლინებაც. POLG1 დაავადების დროს ვალპროის მჟავის გამოყენება უკუნაჩვენებია. მან შესაძლოა გამოიწვიოს ღვიძლის უკმარისობა, ასევე გახანგრძლივებული ფოკალური ეპილეფსია.
POLG1 გენის მუტაციის მქონე პაციენტებს შესაძლოა აღენიშნოთ მიოკლონური ეპილეფსიის, მიოპათიისა და სენსორული ატაქსიის (MEMSA) სინდრომი. გულყრები ძირითადად იწყება ზრდასრულ ასაკში, ფოკალურია, არ ემორჩილება მკურნალობას. სხვა სიმპტომები, როგორიცაა სენსორული ნეიროპათია და ატაქსია შეიძლება გამოვლინდეს მოზარდობის ასაკში. შემდგომ ამას ემატება კოგნიტური რეგრესი და მიოპათია.
2. MERRF სინდრომი (Myoclonic Epilepsy with Ragged Red Fibers)
MERRF სინდრომი არის პროგრესული ეპილეფსიური სინდრომი რომელსაც ახასიათებს გამოხატული მიოკლონია, კოგნიტური რეგრესი, მხედველობის ნერვის ატროფია, სმენის დაქვეითება და მიოპათია. ეს დაავადება ასოცირებულია მიტოქონდრიული დნმ-ის მუტაციებთან და სიმპტომები ჩვეულებრივ გამოვნილდება პუბერტულ ან ზრდასრულ ასაკში.
ელექტროენცეფალოგრამაზე ვხვდებით ფოკალურ განტვირთვებს, ატიპიურ პიკი-ნელი ტალღა კომპლექსებს ან მახვილ ტალღებს და აქტივობის დათრგუნვას ძილის რეჟიმში.
3. ლეის სინდრომი (Leigh syndrome)
ლეის სინდრომი, ასევე ცნობილი როგორც ქვემწვავე მანეკროზებელი ენცეფალომიოპათია, დაკავშირებულია მიტოქონდრიული დნმ-ის მუტაციასთან. დაავადებულებს აღენიშნებათ ნევროლოგიური რეგრესი, პროგრესირებადი ჰიპოტონია, სპასტიკურობა და ტვინის ღეროს დაზიანების გამოვლინებები. ნეიროვიზუალიზაცია გვაჩვენებს ბილატერალურად სიმეტრიულ დაზიანებებს ბაზალურ განგლიებში, თალამუსში და შუა ტვინში, აგრეთვე კორტიკალურ და ცერებრულ ატროფიას. ეპილეფსიური გამოვლინებები ლეის სინდრომის დროს – ფოკალური და გენერალიზებული გულყრები, ზოგ შემთხვევაში უწყვეტი პარციალური ეპილეფსია, ეპილეფსიური სპაზმები და ჰიპსარითმია.