პეგვალიაზა – მკურნალობის ახალი მეთოდი ფენილკეტონურიის მქონე მოზრდილი პაციენტებისთვის
პეგვალიაზა -Pegvaliase (სავაჭრო დასახელება პალენზიკი – Palynziq) ფენილკეტონურიის სამკურნალო პრეპარატია. პეგვალიაზა სისხლში ფენილალანინის დონეს 50-70%-ით ამცირებს.
ქიმიურად პეგვალიაზა ფერმენტ ფენილალანინ ამონიუმ ლიაზას (PAL) რეკომბინანტული ანალოგია, რომელიც ბაქტერია Anabaena variabilis -გან არის მიღებული და ამინომჟავა ფენილალანინს ამიაკად და ტრანს-ფენილაკრილის მჟავად გარდაქმნის. წარმოქმნილი პროდუქტები მეტაბოლიზდება ღვიძლში, შემდეგ კი საშარდე სისტემით გამოიყოფა ორგანიზმიდან.
2018 წლის მაისში pegvaliase-pqpz ფენილკეტონურიის მქონე ზრდასრული პაციენტიების სამკურნალო საშუალებად აღიარა როგორც ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლის მარეგულირებელმა ადმინისტრაციამ (FDA), ისე ევროპის წამლის სააგენტომ (EMA). სამედიცინო გენეტიკისა და გენომიკის ამერიკული კოლეჯის (ACMG) გაიდლაინების თანახმად, ფენილკეტონურიის მკურნალობის ძირითადი სამიზნე სისხლში ფენილალანინის კონცენტრაციის 180 – 360 მიკრომოლი/ლ დიაპაზონში შენარჩუნებაა.
პეგვალიაზა გამოიყენება, როგორც ახალი ფერმენტული ჩანაცვლებითი თერაპია და დისტრიბუციაში ხელმისაწვდომია კანქვეშ საინექციო Palynziq-ის სახელით. Pegvaliase-pqpz ჰომოტეტრამერული (4 ერთნაირი სუბერთეულისგან შემდგარი) ცილაა. იგი შედგება ზემოთ ნახსენები რეკომბინანტული ფენილალანინ ამონიუმის ლიაზასგან, რომელიც კონიუგირებულია N-ჰიდროქსისუქცინიმიდ (NHS)-მეთოქსიპოლიეთილენ გლიკოლთან (PEG). მან უპირატესობა გამოავლინა დღესდღეობით ხელმისაწვდომ სხვა პრეპარატებთან შედარებით, როგორიცაა მაგალითად საპროპტერინი. საპროპტერინი არაეფექტური აღმოჩნდა ბევრ პაციენტში გრძევადიანი თერაპიული რეჟიმის დაცვის პრობლემურობისა და ფენილალანინის არასრულფასოვნად დაქვეითების გამო.
პეგვალიაზას მიღება ნაჩვენებია ფენლკეტონურიის სამართავად ზრდასრულ პაციენტთა პოპულაციაში, რომელთა სისხლში ფენილალანინის კონცენტრაცია 600 მიკრომოლ/ლიტრს აღემატება მიმდინარე თერაპიული ღონისძიებების მიუხედავად.
მე-3 ფაზის კლინიკური კვლევა ფენილკეტონურიის დიაგნოზისა და სისხლის ფენილალანინის 600 მიკრომოლ/ლიტრზე მეტი კონცენტრაციის მქონე ზრდასრულ პაციენტებზე ჩატარდა. 24 თვიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ პეგვალიაზას კანქვეშა ინექციების შედეგად ფენილალანინის კონცენტრაციამ სისხლში მნიშვნელოვნად იკლო იმ მაჩვენებლებთან შედარებით, რომლებიც პაციენტებს მკურნალობამდე ჰქონდათ. ამასთანავე შემსუბუქდა ნეიროფსიქიკური სიმპტომებიც.
არ არის ცნობები პრეპარატის რომელიმე ცილასთან შეკავშირების შესახებ. ვარაუდობენ, რომ პეგვალიაზა კატაბოლური გზით მცირე ზომის პეპტიდებად და ამინომჟავებად იშლება. ჯერჯერობით არ შესწავლილა მისი ელიმინაზიის გზა ადამიანის ორგანიზმში.
20 მგ-იანი პეგვალიაზა დღეში ერთხელ კანქვეშა ინექციის სახით გამოიყენება. უმეტეს შემთხვევაში ეფექტი პრეპარატის მიღებიდან მალევე შესაძლოა არ დადგენს, ზოგჯერ საკმაოდ ბევრი დროა საჭირო.
PALYNZIQ® (pegvaliase-pqpz) მიღებისას არსებობს ალერგიული რეაქციების, მათ შორის ანაფილაქსიის რისკი, რომელმაც შესაძლოა, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა გამოიწვიოს და განვითარდეს მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე. ამიტომ მნიშვნელოვანია უსაფრთოების შემდეგი ნორმების დაცვა:
- PALYNZIQ®-ის პირველი ინექცია უნდა ჩატარდეს სათანადოდ აღჭურვილ ჯანდაცვის პუნქტში, სადაც პაციენტს ინექციის შემდეგ სულ მცირე 1 საათის განმავლობაში ყურადღებით დააკვირდებიან, რათა დროულად იდენტიფიცირდეს მძიმე ფორმის ალერგიული რეაქცია.
- ექიმმა პაციენტს უნდა დაუნიშნოს ეპინეფრინის აუტოსაინექციო ფორმა და ასწავლოს მის გამოყენება თავად პაციენტს (ან მის მომვლელს) და ასევე სხვა თანმხლებ პირს. საჭიროების შემთხვევაში, მათ უნდა იცოდნენ, როდის და როგორ გამოიყენონ აღნიშნული მედიკამენტი
- თუ PALYNZIQ®-ის თერაპიული კურის განმავლობაში განვითარდა მძიმე ფორმის ალერგიული რეაქცია, აუცილებელია ეპინეფრინის დაუყოვნებლივ გამოყენება და პარალელურად გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღება.
- ექიმმა უნდა განსაზღვრის, აქვს თუ არა პაციენტს (ან მის მომვლელს) სათანადო უნარი, ჩაიტაროს PALYNZIQ®-ის ინექციები, ამოიცნოს მძიმე ალერგიული რეაქციის ნიშნები და სიმპტომები, გააკეთოს ეპინეფრინის ინექცია და საჭიროებისას, დაუკავშირდეს პირველადი დახმარების სერვისებს.
- ექიმმა შესაძლოა გასცეს რეკომენდაცია მომვლელის ან თანხლები პირისთვის, რათა აღნიშნული პირი დააკვირდეს მძიმე ალერგიული რეაქციის ნიშნებსა და სიმპტომებს, და საჭიროებისას გამოიყენოს ეპინეფრინის ინექცია, ასევე მიმართოს პირველადი დახმარების სერვისს.
პაციენტმა უნდა შეწყვიტოს PALYNZIQ®-ის ინექცია და დაუყოვნებლივ მიმართოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას, თუ განვითარდა რომელიმე ჩემოთვლილი სიმპტომი:
- გულის წასვლა
- თავბრუ
- უეცარი დაბნეულობა
- სუნთქვის გაძნელება ან მსტვენავი ხმიანობა
- დისკომფორტი ან შებოჭილობა გულმკერდის არეში
- გულის ცემის სიხშირის ზრდა
- სახის, ტუჩების, ქუთუთოების, თვალების ან ენის შეშუპება
- შებოჭილობა ყელში
- კანის სიწითლე
- კანზე გამონაყრის გაჩენა ან ქავილი
- გულისრევა, პირღებინება ან დიარეა
- შარდისა და განავლის შეუკავებლობა
PALYNZIQ® -ით მკურნალობისას, პაციენტს მუდამ თან უნდა ჰქონდეს ექიმის მიერ გამოწერილი ეპინეფრინის აუტოსაინექციო ფორმა და უნდა გაეცნოს პაციენტისთვის განკუთვნილ იმ ინფორმაცის, რომელიც ეპინეფრინს მოყვება.
მძიმე ალერგიული რეაქციის გამოვლინებისას, არ უნდა გაგრძელდეს PALYNZIQ-ის მიღება, სანამ პაციენტი ექიმს არ გაესაუბრება. ექიმი გადაწყვეტს, შესაძლებელია თუ არა PALYNZIQ-ით მკურნალობის გაგრძელება.
ანაფილაქსიის გარდა, პაციენტებს ზოგჯერ სხვა ალერგიული რეაქციებიც უვლინდებათ, რაც ასევე უნდა ეცნობოს ექიმს.
ექიმს ასევე უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ყველა იმ რეცეპტით გამოწერილი თუ ურეცეპტო მედიკამენტის, ვიტამინებისა და მცენარეული დანამატების შესახებ, რომლებსაც პაციენტი იღებს.
თუ პაციენტი არის ორსულად ან გეგმავს ორსულობას, უნდა ჩატარდეს ექიმთან კონსულტაცია PALYNZIQ®-ის მიღებამდე. ექიმი პაციენტთან ერთად განიხილავს ორსულობისას ამ მედიკამენტის მიღების რისკებსა და სარგებელს, როგორც დედის, ისე ბავშვისთვის. კონსულტაცია სჭირდებათ იმ პაციენტებსაც, რომლებიც ძუძუთი კვებავენ ბავშვს ან გეგმავენ ძუძუთი კვებას, რათა შეირჩეს ბავშვის კვების ოპტიმალური მეთოდი PALYNZIQ®-ით მკურნალობისას.
PALYNZIQ-ის ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტებია: ადგილობრივი რეაქციები ინექციის მიდამოში (როგორიცაა სიწითლე, ქავილი, ტკივილი, სისხლჩაქცევა, გამონაყარი, შეშუპება და მგრძნობელობის მომატება), სახსრების ტკივილი, თავის ტკივილი, კანზე გამოვლენილი რეაქციების (მაგალიათად ქავილის, გამონაყრის ან სიწითლის) გავრცელება და გახანგრძლივება 14 დღემდე ან მეტხანს, გულის რევა, კუჭის ტკივილი, პირღებინება, ხველა, პირის ღრუსა და ყელის ტკივილი, ქავილი, დიარეა, ცხვირის შეგუბება, დაღლილობის შეგრძნება, თავბრუსხვევა, შფოთვა და სისხლში ფენილალანინის დაბალი დონე.
სისხლში ფენილალანინის კონცენტრაციის მონიტორინგი და დიეტა:
- PALYNZIQ®-ით მკურნალობისას ექიმი უზრუნველყოფს სისხლში ფენილალანინის კონცენტრაციის მონიტორინგს
- მნიშვნელოვანია სასმელისა თუ საკვების სახით მიღებული ცილისა და ფენილალანინის კონცენტრაციის მონიტორინგი. PALYNZIQ®-ით მკურნალობისას, სისხლში არსებული ფენილალანინის კონცენტრაციაზე დაყრდნობით, ექიმმა შესაძლოა შეცვალოს დიეტაში შემავალი ცილისა და ფენილალანინის რაოდენობა
პალენზიკით მკურნალობის დეტალების შესახებ ექიმი მეტაბოლისტის გადმოსახედიდან – ბოსტონის ბავშვთა ჰოსპიტალის ფენილკეტონურიისა და მასთან დაკავშირებული მდგომარეობების პროგრამის ხელმძღვანელი, PAL კლინიკის სამედიცინო დირექტორი სტეფანი საქაროუ და პალენზიკით მკურნალობის შესახებ ინფორმაცია ფენილკეტონურიის მქონე პაციენტის გადმოსახედიდან – ლაურენ რედი – PKU ადვოკატი, იხილეთ ბმული: https://www.youtube.com/watch?v=F2cA6Lkbh7Q