საქართველოს თანდაყოლილ მეტაბოლურ დარღვევათა საზოგადოება
Georgian Society for Inborn Errors of Metabolism
HealthFlex
×
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • ღონისძიებები და სიახლეები
  • ბლოგი
    • ექიმებისთვის
    • მშობლებისთვის
  • კონტაქტი

პროპიონული აციდემია

პროპიონული აციდემია (პროპიონილ-CoA კაბოქსილაზას დეფიციტი, პროპიონული აციდურია) იშვიათი, თანდაყოლილი მეტაბოლური დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია ფერმენტ პროპიონილ-CoA კარბოქსილაზას დეფიციტით. დაავადების კლინიკური სპექტრი საკმაოდ ფართოა და მოიცავს ნეონატალურ და გვიანი დასაწყისის ფორმებს. დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გარეშე ვითარდება პროგრესული, აუხსნელი ენცეფალოპათია, ლეთარგია, გულყრები და კომა, საბოლოოდ ფატალური დასასრულით. დაავადების მანიფესტაცია შესაძლებელია ასევე ზრდის და ინტელექტუალური განვითარების შეფერხებით, გულყრებით, ბაზალური განგლიების დაზიანების გამო მოძრაობის დარღვევებით, პანკრეატიტით, კარდიომიოპათიით. ინფექციები, ტრავმა, ქირურგიული ჩარევა, ჰორმონული ცვლილებები, სხვადასხვა სტრესული ფაქტორები ის მდგომარეობებია, რომლებიც ორგანიზმში იწვევენ მეტაბოლურ კრიზისებს – კატაბოლური პროცესების გააქტიურებას, ცილების დაშლას და მათ შორის პროპიოგენური ამინომჟავების გამოთავისუფლებას, რომელთა მეტაბოლიზმიც დარღვეულია პროპიონული აციდურიის დროს.  კრიზისები იწვევს რეგრესს, შეძენილი უნარების დაკარგვას და შეუქცევად ნევროლოგიურ დარღვევებს.

მკურნალობის ძირითადი პრინციპია დიეტოთერაპია (ცილის მიღების შეზღუდვა) და მწვავე კატაბოლური პროცესების დროული, გადაუდებელი და ადექვატური მართვა. უმეტეს ქვეყანაში პროპიონული აციდურია შეტანილი ახალშობილთა სკრინინში, რაც საშუალებას იძლება ნეონატალურ პერიოდში მოხდეს დიაგნოსტირება. მკურნალობის ადრეულად დაწყების შემთხვევაში დაავადების პროგნოზი  გაცილებით კეთილსაიმედოა.

ეპიდემიოლოგია

პროპიონული აციდურია იშვიათი დაავადებაა. ევროპაში მისი სიხშირე უცნობია, აშშ-ში არის 1:100 000-130 000, ხოლო საყოველთაო ინსიდენსად დაახლოებით 1:100-150 000 ითვლება. ზოგიერთ პოპულაციაში, მსოფლიოს მასშტაბით, შეიძლება იყოს გაცილებით მაღალიც, მაგალითად: საუდის არაბეთში ყოველ ცოცხლადშობილზე 1:2 000- 5 000 მერყეობს. რეალურად შეიძლება გაცილებით ხშირი იყოს, რადგან ახალშობილები ხშირად იღუპებიან არადოკუმენტირებული აციდოპათიების გამო.

 

ეტიოლოგია

პროპიონული აციდურია განპირობებულია ფერმენტ პროპიონილ-CoA კარბოქსილაზას დეფიციტით.  პროპიონილ-CoA კარბოქსილაზა  არის მიტოქონდრიული, ბიოტინ-დამოკიდებული ფერმენტი, რომელიც აუცილებელია ამინომჟავების: თრეონინის, მეთიონინის, იზოლეიცინის, ვალინის, ასევე ქოლესტეროლისა და კენტჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების კატაბოლიზმისთვის. ჰოლოენზიმი არსებობს ორი სუბერთეულისგან შედგენილი დოდეკამერის სახით – α6β6.  ალფა და ბეტა სუბერთეულები კოდირდება სხვადასხვა გენებით: ალფა –  PCCA გენით (ლოკუსი 3q21-q22), ბეტა – PCCB გენით (ლოკუსი 13q32) და მიტოქონდრიაში იმპორტამდე  სინთეზირდებიან ერთმანეთისგან დამოუკიდებლად.  PCCA და PCCB დეფექტები დამემკვიდრდება აუტოსომურ-რეცესიული ტიპით. გენოტიპურ-ფენოტიპური კორელაცია საკმაოდ ფართოა – ზოგი ნულოვანი მუტაცია ასოცირებულია მძიმე ფენოტიპთან და პირიქით – მისენს მუტაცია შეიძლება კორელირებდეს  მსუბუქ ფენოტიპთან.

 

კლინიკური ნიშნები

დაავადების გამოვლენის ასაკის მიხედვით პროპიონული აციდურია კლასიფიცირდება ადრეული (ნეონატალური) და გვიანი დასაწყისის ფორმებად.

ადრეული დასაწყისის მქონე პაციენტებში დაავადება ვლინდება სიცოცხლის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში მწვავე მეტაბოლური დეკომპენსაციით. კლასიკურად, ახალშობილები დაბადებისას კარგად არიან და საკვების მიღების შემდეგ უვითარდებათ შემდეგი სიმპტომები:

  • ლეთარგია
  • სუსტი კვება
  • ტაქიპნოე
  • ღებინება
  • ჰიპოტონია
  • გულყრები
  • კომა
  • აპნოე
  • უმკურნალებელ შემთხვევაში – ლეტალური გამოსავალი.

სიმპტომები არასპეციფიურია.  დაავადების დასაწყისში კვლევებით ვლინდება მეტაბოლური აციდოზი გაზრდილი ანიონური ნაპრალით, ჰიპერამონემია; პანციტოპენია და ჰიპოკალცემიაც შეიძლება გამოვლინდეს. უმკურნალებელ შემთხვევაში ვლინდება ენცეფალოპათია და კარდიო-რესპირატორული უკმარისობა.

გვიანი დასაწყისის შემთხვევაში სიმპტომები ვლინდება გვიანი ჩვილობის პერიოდში, ბავშვობაში ან უფრო მოგვიანებითაც.

  • კლინიკური სურათიც გაცილებით ჰეტეროგენულია:
  • ღებინება
  • კვების სიძნელეები
  • ფსიქომოტორული განვითარების შეფერხება
  • ჰიპოტონია
  • გასტროინტესტინური ჩივილები
  • მწვავე ფსიქოზი
  • მწვავე მეტაბოლური დეკომპენსაცია აციდოზით, ენცეფალოპათიით და ჰიპერამონემიით
  • მოძრაობის დარღვევები: დისტონია და ქორეოათეტოზი, რაც შეიძლება განვითარდეს მწვავე დეკომპენსაციის შედეგად ან მიმდინარე მწვავე მდგომარეობის გარეშეც.

დაავადების ბუნებრივი მიმდინარეობა და გრძელვადიანი გართულებები

პროპიონული აციდემიის ბუნებრივი მიმდინარეობა კარგად აღწერილი არაა, ზუსტად ასევე არაა ცნობილი მისი გართულებები და დაავადების მოსალოდნელი შედეგები. ასეთი მონაცემების უმრავლესობა ეფუძნება ერთეული შემთხვევებისა და მცირე, რეტროსპექტული შემთხვევათა სერიების აღწერას. პროსპექტული კლვევები ჩატარებული არ არის, რომელებიც აღწერდნენ დაავადების ხანგრძლივ კურსს და გამოსავალს. დაავადების ადრეული დასაწყისის შემთხვევაში სიცოცხლის შენარჩუნების მაჩვენებელი დაახლოებით 60 %-ია, ხოლო გვიანი დასაწყისისას >90%-ზე. გადარჩენილი ინდივიდების უმრავლესობას აღენიშნება სხვადასხვა ხარისხის განვითარების შეფერხება და ნევროლოგიური ან სხვა გართულებები.

ნევროლოგიური გამოვლინებები

აღწერილია სხვადასხვა ვარიანტი – წინმსწრები მეტაბოლური დეკომპენსაციით ან მის გარეშე:

  • ნევროლოგიური სიმპტომების მწვავედ აღმოცენება ან „მეტაბოლური ინსულტი“,
  • ბაზალური განგლიების დაზიანება, რასაც ხშრად წინ უსწრებს მეტაბოლური კრიზისი ან მწვავე „ინსულტის მაგვარი“ ეპიზოდი და მანისფესტირდება შეცვლილი მენტალური სტატუსით, დისტონიით, ქორეოათეტოზით, ან ჰემიპლეგით,
  • ექსტრაპირამიდული სიმპტომები (დისტონია, ქორეა და ათეტოზი),
  • სხვადასხვა ტიპის გულყრები: ტონურ-კლონური, ფოკალური, მიოკლონური, ატონური, ეპილეფსიური სპაზმი, აბსანსი,
  • ოპტიკური ატროფია,
  • თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით ვლინდება დაგვიანებული მიელინიზაცია, თეთრი ნივთიერების ცვლილებები, ბაზალური განგლიების დაზიანება, ცერებელარული ჰემორაგიები და ცერბრული ატროფია,
  • ნეიროგანვითარება: უმრავლესობას აქვს მსხვილი და ნატიფი მოტორული უნარების, ასევე კოგნიტური განვითარების შეფერხება და სკოლაში სწავლის შემთხვევაში ესაჭიროებათ ინდივიდუალური სასწავლო გეგმა.

 

ფსიქიატრიული გამოვლინებები

  • ყურადღების დეფიციტის სინდრომი, აუტისტური სპექტრის დარღვევა, შიში, მწვავე ფსიქოზი.

 

კარდიული გართულებები

  • კარდიომიოპათია –  აღწერილია როგორც დილატაციური, ისე ჰიპერტროფიული ტიპი. კარდიომიოპათია შეიძლება იყოს დაავადების ერთადერთი კლინიკური სიმპტომი და არსებობდეს იზოლირებულად მეტაბოლური დეკომპენსაციისა და ნევროლოგიური გართულებების გარეშე. მისი ყველაზე ადრეული გამოვლინებაა ტაქიპნოე, ჰეპატომეგალია, ჰიპოტენზია, ტაქიკარდია ან ბრადიკარდია. კარდიომიოპათიის განვითარების საშუალო ასაკი 7 წელია,
  • არითმიები, ძირითადად QT ინტერვალის გახანგრძლივება, რამაც შეიძლება განაპირობოს პარკუჭოვანი ექსტრასისტოლები, პირუეტის ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდია, სინკოპე და უეცარი სიკვდილი.

 

გამოვლინებები ჩონჩხის კუნთების მხრივ

მეტაბოლური მიოპათია, რომელიც შეიძლება განვითარდეს მეორადად ენერგიის ქრონიკული დეფიციტის შედეგად, უფრო მოზრდილ ბავშვებში და მოზარდებში.

 

გასტროინტესტინური გამოვლინებები

  • პანკრეატიტი, რომელიც ხშირად რეკურენტული ხასიათისაა და შეიძლება განვითარდეს დამოუკიდებლად ან მწვავე მეტაბოლური დეკომპენსაციის დროს,
  • რეკურენტული ღებინება,
  • ყაბზობა ან ფაღარათი,
  • ჰეპატომეგალია, ჰიპოალბუმინემია, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ALT,AST, GGT,INR, ბილირუბინის მატება).

 

სხვა იშვიათი გართულებები

  • იმუნური დისფუნქცია და რეკურენტული ინფექციები,
  • პანციტოპენია – ნეიტროპენია, ანემია, თრომბოციტოპენია (ძირითადად მწვავე მეტაბოლური კრიზისის დროს, რაც დაკავშირებულია პროპიონული ტოქსინების მიერ განპირობებულ ჰემოპოეტურ დისფუნქციასთან),
  • ექსფოლიატური დერმატიტის მაგვარი გამონაყარი (ე.წ. Acrodermatitis acidemica), რაც ესენციური საკვები ნივთიერებების და/ან მიკროელემენტების არაადექვატური მიღების გამო ხშირად იზოლეიცინის დეფიციტის შედეგად ვითარდება,
  • ძვლების მინერალური სიმკვრივის დაქვეითება,
  • ჰიპერგლიკემია და ინსულინრეზისტენტობა,
  • თირკმლის ფუნქციის დარღვევა და თირკმლის ქრონიკული უკმარისობის განვითარება (ძირითადად სიცოცხლის მესამე დეკადაში),
  • ოფთალმოლოგიური გამოვლინებები: დისქრომატოფსია, სკოტომა.

 

დიაგნოსტიკა

პირველი ნაბიჯი, როგორც ყველა სხვა მეტაბოლურ დაავადებაზე საეჭვო შემთხვევის დროს, არის საბაზისო მეტაბოლური ტესტები: სისხლში ამიაკის, გაზებისა და ელექტროლიტების, გლუკოზის, ლაქტატის, პლაზმასა და შარდში კეტონური სხეულების განსაზღვრა, სისხლის საერთო ანალიზი.  პროპიონული აციდემია საეჭვოა, თუ ვლინდება მეტაბოლური აციდოზი მომატებული ანიონური ნაპრალით, ჰიპერამონემია, ლაქტატაციდოზი, პლაზმაში და შარდში კეტონების მატება, ნორმო ან ჰიპოგლიკემია, პანციტოპენია.

  • ახალშობილთა სკრინინგი ბევრ ქვეყანაში იძლევა პროპიონული აციდემიის გამოვლენის საშუალებას https://gsiem.ge/%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%97%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%99%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%92%e1%83%98/.

                          

  • სპეციფიური სადიაგნოსტიკო ტესტია შარდში ორგანული მჟავების და პლაზმაში ან სისხლის წვეთში აცილკარნიტინის პროფილის შესწავლა.
  • ორგანულ მჟავების ანალიზით ვლინდება პროპიონული მჟავას, პროპიონილკარნიტინის, მეთილციტრატის, 3-ჰიდროქსი პროპიონატის დამახასიათებელი მომატება. აღსანიშნავია, რომ შესაძლებელია სხვა ორგანული მჟავების ვარიაბელური აღმოჩენაც (მაგ. 3-ჰიდროქსიიზოვალერატი, პროპიონილგლიცინი, 3-მეთილბუტირატი და სხვ.).
  • პლაზმის აცილკარნიტინის პროფილის შესწავლით ვლინდება თავისუფალი კარნიტინის დაბალი დონე და პროპიონილკარნიტინის (C3 კარნიტინის) მომატება.
  • პლაზმის ამინომჟავემის ანალიზით შესაძლოა გამოვლინდეს ჰიპერგლიცინემია და ჰიპერალანინემია,
  • დიაგნოზის ფერმენტული დადასტურება შესაძლებელია კანის ფიბრობლასტებში, ლეიკოციტებში და სხვა ქსოვილებში ფერმენტ პროპიონილ-CoA კარბოქსილაზას დეფექტური აქტივობის დადასტურებით.
  • დიაგნოზის დადასტურებისთვის გამოიყენება გენეტიკური ანალიზი, რომელიც შესაძლებელია ჩატარდეს ერთი გენის ტესტირებით, მულტიგენური პანელით ან უფრო გაფართოებული გენური ტესტირებით.
  • პრენატალური დიაგნოსტიკა მეორე ტრიმეტსტრში შესაძლებელია ამნიონურ სითხეში აბნორმული მეტაბოლიტების გამოვლენით, ან პირველ ტრიმეტსტრში – ფერმენტული ან გენეტიკური (მუტაციური) ანალიზით ქორიონულ ნიმუშზე.

დიფერენციული დიაგნოსტიკა

აღნიშნული კლინიკური სიმპტომები ახასიათებს ბევრ თანდაყოლილ და შეძენილ დაავადებას, მაგ.: ინფექციები, ტოქსიკური და სხვა მეტაბოლური დაავადებები. ახალშობილებში მეტაბოლური დაავადების მიმდინარეობა ძალიან ჰგავს სეფსისის მიმდინარეობას, აქედან გამომდინარე ავადმყოფ ახალშობილებში ყოველთვის უნდა ვიეჭვოთ თანდაყოლილი მეტაბოლური დაავადების არსებობა.

პროპიონული აციდურიის მსგავსად ორგანული მჟავების და სისხლში აცილკარნიტინის პროფილის დარღვევა ახასიათებს შემდეგ დაავადებებს:

  • კარბოქსილაზას მრავლობითი დეფიციტი
  • მეთილმალონური აციდემია
  • ბიოტინიდაზას დეფიციტი
  • მიტოქონდრიული დაავადებები
  • დედისმიერი B12 ვიტამინის დეფიციტი.

ასევე, აუცილებლად გასათვალისწინებელია მრავალი ისეთი დაავადება, თუ მდგომარეობა (მაგ.: მოკლე ნაწლავის სინდრომი; ჰიპერამონემიის გამომწვევი მრავალი მიზეზეი), რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ბიოქიმიური კვლევების შედეგებზე. ასეთ შემთხვევაში დიფერენციულ დიაგნოსტიკაში ჩვეულებრივ გვეხმარება სხვა დამახასიათებელი მეტაბოლიტების არსებობა. თუ დიაგნოზი მაინც გაურკვეველია, დიაგნოზის დაზუსტების მიზნით სპეციფიური ტესტებიც უნდა ჩატარდეს, ვინაიდან ამ დაავადებების მკურნალობა და პროგნოზი მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან.

 

პროგნოზი

ხანგრძლივი პროგნოზის მიხედვით სიცოცხლის გადარჩენის შანსი დაავადების მძიმე ფორმის დროს >60%, ხოლო გვიანი დასაწყისის ფორმის არსებობისას >90%. ადექვატური დიეტის შემთხვევაში შესაძლებელია ნორმალური ზრდის მიღწევაც. დაავადების მორბიდობა მაღალია, პაციენტთა უმრავლესობას აქვს კოგნიტური დარღვევები, ფიზიკური უნარების შეზღუდვა, ნევროლოგიური გართულებები (ქორეა, ათეტოზი, დისტონია, გულყრები).

ანტენატალურად ან დაბადებიდან მალევე დიაგნოზის დასმის შემთხვევაში პროგნოზი  გაცილებით კეთილსაიმედოა.

 

მკურნალობა

პროპიონული აციდემიის მკურნალობა კომპლექსურია და მოითხოვს რეგულარულ მონიტორინგსა და ხშირ თერაპიულ და დიეტურ კორექციას. აუცილებელია, რომ ასეთი პაციენტების მკურნალობა და მონიტორინგი ხორციელდებოდეს გამოცდილი მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შესაბამისი კლინიკის/ჰოსპიტალის ბაზაზე, ხოლო გადაუდებელი შემთხვევების მართვა შესაძლებელია ადგილობრივი კლინიკის/ჰოსპიტალის დონეზეც სამედიცინო გუნდის მიერ შესაბამისი პროტოკოლების გაცნობის შემდეგ.

პაციენტებს 3 თვეში ერთხელ ესაჭიროებათ რეგულარული მონიტორინგი მათი კლინიკური მდგომარეობის, კვებითი სტატუსის და ზრდის შესაფასებლად, მკურნალობაში და დიეტაში საჭიროებისამებრ ცვლილებების შესატანად. უფრო ხანგრძლივი მონიტორიგი გულისხმობს წელიწადში ერთხელ კარდიოლოგიურ შეფასებას პოტენციური კარდიული არითმიებისა და კარდიომიოპათიის გამოსავლენად.

 

მწვავე დეკომპენსაციის პერიოდის მართვა

ინფექციები, ტრავმა, ქირურგიული ჩარევა, ახალშობილობისას დაბადების/მშობიარობის შემდგომი პერიოდი, სტრესის სხვა მიზეზები, ჰორმონული ცვლილებები ის მდგომარეობებია, რომლებიც ორგანიზმში იწვევენ კატაბოლური პროცესების გააქტიურებას, ცილების დაშლას, ამინომჟავების, მათ შორის პროპიოგენური ამინომჟავების გამოთავისუფლებას, რომელთა მეტაბოლიზმიც დარღვეულია პროპიონული აციდურიის დროს. შესაბამისად, მწვავე პერიოდის მართვა გულისხმობს ანაბოლური პროცესების ხელშეწყობას და ტოქსიკური შუალედური პროდუქტების ორგანიზმიდან დროულად მოშორებას. მწვავე დეკომპენსაციის მკურნალობა გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობაა და აუცილებლად მოითხოვს პაციენტის გადაყვანას კარგად მომზადებულ სამედიცინო ცენტრში, სადაც საჭიროების შემთხვევაში ჰემოდიალიზის ჩატარების საშუალება იქნება, განსაკუთრებით ჰიპერამონემიის არსებობის დროს.

 

ახალშობილობისას მწვავე პერიოდის მართვა

  • საბაზისო პრინციპია სითხეებისა და ელექტროლიტური ბალანსის დაცვა, მჟავა-ტუტოვანი სტატუსის კორექცია, ეგზოგენური ცილის მიწოდების შეჩერება, საკმარისი კალორიებით უზრუნველყოფა, ანაბოლიზმის ხელშეყობა.
  • ვინაიდან მეტაბოლიტები შეიძლება არასაკმარისად გამოიყონ თირკმელების საშუალებით, საჭირო ხდება ჰემოფილტრაციის ან ჰემოდიალიზის ჩატარება. პერიტონეული დიალიზის ტოქსინების საკმარისად გამოყოფის უზრუნველყოფა ვერ ხერხდება.
  • მწვავე ჰიპერამონემიისას კარბამილგლუტამატის (100მგ/კგ/დღეში გაყოფილი 2-4 დოზად) გამოყენებამ შეიძლება შეამციროს მისი დონე და არ გახდეს საჭირო თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია. ეს მედიკამენტი უნდა გამოვიყენოთ, თუ ვფიქრობთ, რომ მწვავე ენცეფალოპათიის მიზეზი ჰიპერამონემიაა.
  • L-კარნიტინი 100-200 მგ/კგ/დღეში იცავს ორგანიზმს კარნიტინის შემცირებისგან და კარგვისგან და ეხმარება ტოქსიკური ორგანული მჟავების გამოყოფაში.
  • ორალური ან პარენტერული კვება შეიძლება აღდგეს, როგორც კი მიიღწევა მეტაბოლური სტაბილიზაცია, რათა ესენციური ამინომჟავების ნაკლებობისგან დავიცვათ ორგანიზმი.
  • როცა პაციენტს გავწერთ ბინაზე, მშობლებს კარგად უნდა ავუხსნათ დაავადების არსი და მისი მართვის პრინციპები, სპეციალური დიეტის, მედიკამენტების, ზონდით კვების და გადაუდებელი თერაპიის ჩათვლით.

 

დაავადების საბაზისო მართვა

დიეტის პრინციპები:

  • ცილების შეზღუდვა პრეკურსორი ამინომჟავების (იზოლეიცინი, მეთიონინი, თრეონინი, ვალინი) მიღების შესამცირებლად
  • კატაბოლური მდგომარეობების პრევენცია
  • ნორმალური ზრდისთვის საჭირო კალორიებით და ცილებით უზრუნველყოფა
  • დეფიციტური მდგომარეობების პრევენციისთვის ვიტამინების და მინერალების დამატება

ცილის ადექვატური მიღების უზრუნველყოფისთვის ზოგჯერ საჭირო ხდება სხვადასხვა ამინომჟავური ნარევების გამოყენებაც, ვინაიდან ცილებისადმი ტოლერანტობა ამ პაციენტებში ძალიან ინდივიდუალურია, განსაკუთრებით დავაადების გვიანი დასაწყისის ფორმის დროს. ბავშვების უმეტესობას ძალიან ცუდი მადა აქვს და მათი ნუტრიციული სტატუსის შესანარჩუნებლად საჭირო  ხდება ნაზოგასტრული ან გასტროტომიის მილით კვება. დიეტას აუცილებლად უნდა მეთვალყურეობდეს მეტაბოლური დაავადებების სპეციალისტისა და დიეტოლოგისგან შემდგარი გუნდი.

 

ფარმაკოთერაპია

  • L-კარნიტინი: 100მგ/კგ დღიური დოზით იცავს ორგანიზმს კარნიტინისგან გამოფიტვისგან და ეხმარება პროპიონის მჟავას და მასთან დაკავშირებული ტოქსიკური მეტაბოლიტების კონიუგირებასა და გამოყოფაში.
  • მეტრონიდაზოლი: პროპიონის მჟავას 20-30% იწარმოება ჩვენს ორგანიზმში მცხოვრები ბაქტერიების მიერ. კვლევებმა აჩვენა, რომ ნაწლავის მიკროფლორის სუპრესია ამცირებს შარდით პროპიონატის მეტაბოლიტების გამოყოფას. ამ მხრივ მნიშვნელოვანი სარგებელი აქვს მეტრონიდაზოლს 10-20 მგ/კდ დღიური დოზით 7-10 დღის განმავლობაში ყოველ 2-3 თვეში ან ალტერნატიულ ვარიანტში უწყვეტად დაბალი დოზით (5-7მგ/კგ/დღეში).
  • ბიოტინის დამატება – ბიოტინის გამოყენებასთან და მის დოზირებასთან დაკავშირებით ერთიანი მოსაზრება არ არსებობს. ზოგ შემტხვევაში იყენებენ ბიოტინის მოკლე თერაპიულ კურსს.
  • დამატებითი მედიკამენტები საჭიროა სხვადასხვა გართულებების (მაგ.: დისტონია, გულყრები, რეკურენტული პანკრეატიტი, არითმიები) სამკურნალოდ.

 

მწვავე დაავადებების დროს გადაუდებელი მკურნალობა

ნებისმიერი კატაბოლური მდგომარეობა – ინტერკურენტული ინფექცია, ანესთეზია, ქირურგიული ჩარევა, იმუნიზაცია, გახანგრძლივებული შიმშილი შეიძლება აღმოჩნდეს მწვავე მეტაბოლური დეკომპენსაციისა და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის გამომწვევი. ამ სიტუაციების გადაუდებელი მართვა გულისხმობს მეტაბოლური დეკომპენსაციის პრევენციას.

ძირითადი პრინციპებია:

  • დროებით ცილის მიღების შემცირება ან შეჩერება
  • მაღალენერგიული (ნახშირწყლოვანი ან ნახშირწყლოვანი და ცხიმოვანი) საკვების რეგულარული ენტერული მიწოდება
  • ნორმალური კვების აღდგენა 24-48 სთ-ში
  • თუ გადაუდებელი მართვის დიეტისადმი პაციენტი არატოლერანტულია ან კლინიკური გაუარესება გამოვლინდა, ბავშვი აუცილებლად უნდა მოთავსდეს სტაციონარში ურგენტული კლინიკური და ბიოქიმიური კვლევების ჩასატარებლად
  • ასეთ სიტუაციაში 10%-იან დექსტროზაზე დაფუძნებული ხსნარების ინტრავენური რეჰიდრატაციისთვის გამოყენება 24-48სთ-ში იძლევა კლინიკურ გაუმჯობესებას, რის შემდეგაც უკვე შესაძლებელია რეგულარული კვების აღდგენაც. თუ კლინიკური მდგომარეობა არ იძლევა ამ დროში კვების აღდგენის საშუალებას, საჭიროა პარენტერული კვებით უზრუნველყოფა.
  • ინტრავენური კარნიტინი 200მგ/კგ/24სთ-ში გაყოფილი3-4 დოზად.
  • სხვადასხვა ბიოქიმიური დარღვევა (მაგ.: მძიმე აციდოზი, ჰიპერამონემია, ელექტროლიტური დისბალანსი) მოითხოვს შესაბამის მკურნალობას და კორექციას.
  • მაღალკონცენტრირებული დექსტროზის ხსნარის ინსულინთან ერთად ან ინსულინის გარეშე ინფუზია აჩქარებს ანაბოლიზმს.
  • ზემოჩამოთვლილი ნაბიჯების მიუხედავად, თუკი სახეზეა მძიმე დეკომპენსაცია და კლინიკური და/ან ბიოქიმიური სტატუსის გაუარესება, საჭიროა ჰემოდიალიზის ან ჰემოფილტრაციის ჩატარება.

ღვიძლის ტრანსპლანტაცია

პროპიონული აციდურიის მქონე პაციენტებში ღვიძლის ტრასნპლანტაციის გამოცდილება ძალიან მწირია. აღწერილია ღვიძლის გადანერგვის სულ რამდენიმე შემთხვევა. ამ პაციენტებში მიღწეული იქნა მეტაბოლური სტაბილურობა და დიეტური შეზღუდვების შერბილებაც გახდა შესაძლებელი. ვინაიდან პროპიონილ-CoA კარბოქსილაზას აქტივობის ძირითადი ადგილი ღვიძლია, ფიქრობენ, რომ ღვიძლის გადანერგვას შეუძლია ბიოქიმიური დარღვევების მნიშვნელოვნად გამოსწორება. ტრანსპლანტაციას თან ახლავს თავისი რისკები, როგორიცაა გაზრდილი პერიოპერაციული სიკვდილიანობა. ამასთანავე, ვინაიდან ფერმენტი ექსპრესირებულია ყველა ქსოვილში, ქსოვილ-სპეციფიური ბიოქიმიური დარღვევები მაინც პერსისტირებს და პოტენციურად შესაძლებელია ნევროლოგიური გართულებების განვითარება ტრანსპლანტაციის შემდეგაც კი.

Add Comment

You must be logged in to post a comment.

ღონისძიებები

  • სკრინინგის საერთაშორისო დღე

    INSD – International neonatal screening day სკრინინგის საერთაშორისო დღე...

  • ახალშობილთა სკრინინგი – ისტორია და რეალობა

    სექტემბერი ახალშობილთა სკრინინგზე ცნობადობის ამაღლების თვეა. 2023 წლის 9-12...

  • 28 ივნისი ახალშობილთა სკრინინგის საერთაშორისო დღეა

    28 ივნისს მსოფლიო აღნიშნავს ახალშობილთა სკრინინგის საერთაშორისო დღეს, რათა...

©2019 საქართველოს თანდაყოლილ მეტაბოლურ დარღვევათა საზოგადოება