მიტოქონდრიული დაავადებების კვირეული

19 სექტემბერს, მიტოქონდრიული დაავადებების ცნობადობის ამაღლების კვირეულის ფარგლებში, თბილისის სატელევიზიო ანძა მწვანედ განათდა.
მიტოქონდრიული დაავადებები იშვიათი გენეტიკური დაავადებების ჯგუფია, რომლებიც დაკავშირებულია უჯრედებში ენერგიის წარმოქმნის დარღვევასთან. ისინი შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა ასაკში და დააზიანოს მრავალი ორგანო და სისტემა — განსაკუთრებით ტვინი, კუნთები, გული, მხედველობა და სმენა.
სიმპტომები ძალიან მრავალფეროვანია, რის გამოც დიაგნოზი ხშირად რთულდება და იგვიანებს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება, ადრეული ამოცნობა და პაციენტების დროული მიმართვა შესაბამის სპეციალისტებთან.
ამ სიმბოლური ჟესტით GSIEMRare უერთდება გლობალურ კამპანიას, რომლის მიზანია მიტოქონდრიული დაავადებების შესახებ ცნობიერების ამაღლება და პაციენტებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერა.
ერთად გავანათოთ გზა მეტი ცნობადობის, დროული დიაგნოსტიკისა და უკეთესი მომავლისკენ.